„ქართუ ჯგუფის“ გენერალურ დირექტორს ნოდარ ჯავახიშვილს საჯარო რეესტრმა აღნიშნულ თანამდებობაზე უფლებამოსილების აღსადგენი დოკუმენტაციის დარეგისტრირებაზე უარი უთხრა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების უფროსმა ალა კახნიაურმა განუცხდა.
მისი განმარტებით, ჯავახიშვილი „ქართუ ჯგუფში“ დაბრუნდა და მუშაობასაც შეუდგა, თუმცა, საჯარო რეესტრში დოკუმენტაცია ჯერ რეგისტრირებული არ არის.
„ჩვენი მხრიდან იურიდიულად ყველაფერი გაკეთებულია, უბრალოდ ჯერ საჯარო რეესტრში გატარებული არ არის. დოკუმენტაცია ჯავახიშვილმა გუშინ შეიტანა, მაგრამ არ დაარეგისტრირეს გარკვეული ხარვეზების მომიზეზებით. უთხრეს, რომ ამისთვის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების თანხმობაა საჭირო და ა.შ. ჩვენ დამატებითი საბუთებიც წარვადგინეთ, ვნახოთ რა იქნება“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ კახნიაურმა და დასძინა, რომ საჯარო რეესტრის ქმედება შემთხვევითი არ არის და მიზანმიმართულად ხორციელდება.
ნოდარ ჯავახიშვილი „ქართუ ჯგუფის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გუშინ დაბრუნდა. მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა, საქალაქო სასამართლომ მის მიერ დანიშნულ იძულებით მმართველს ვლადიმერ უგულავას „ქართუ ჯგუფსა“ და „პროგრეს ბანკში“ უფლებამოსილება შეუჩერა.
