ზაზა სოფრომაძის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია
ზაზა სოფრომაძის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია
09:55 27.07.2012
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრის, ზაზა სოფრომაძის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, სოფრომაძე წუხელ საკუთარი სახლიდან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა წაიყვანეს, თუმცა, მის ადგილსამყოფელს ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ამ დრომდე ვერ მიაკვლია.
„წუხელ მის სახლში შეცვივდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები და ზაზა წაიყვანეს. მას შემდეგ ადვოკატი ყველგან ეძებს, თუმცა, პროკურატურაშიც, „მოდულშიც“, გლდანის დროებითი დაკავების იზოლატორშიც ნიკოლაიშვილს უთხრეს, რომ სოფრომაძე იქ არ იმყოფება“-განუცხადეს „ნიუსპრესს“ პრესსამსახურში.
სხვადასხვა პერიოდში ზაზა სოფრომაძე მუშაობდა საქართველოს კურორტოლოგიის ინსტიტუტის წყალტუბოს ფუნქციური დიაგნოსტიკის კაბინეტის გამგედ, სანატორიუმ “თბილისის” მთავარი ექიმის მოადგილედ, სანატორიუმ „სამგურალის” მთავარ ექიმად.
2004 წლიდან ზაზა სოფრომაძე სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შემდეგ კი, ამავე ფონდის გენერალური დირექტორი იყო.

2008 წლიდან იგი სადაზღვევო კომპანია “აი სი ჯგუფში” სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორად მუშაობდა.

ზაზა სოფრომაძე 1995 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და სოციალური დაცვის და შრომითი ურთიერთობების ქვეკომიტეტს თავმჯდომარეობდა.



ბეჭდვა