კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის ადვოკატი შალვა თადუმაძე კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას პოლიტიკურ სარჩულს უკავშირებს.
როგორც „ნიუსპრესს“ თადუმაძემ განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება ახსნილია იმით, თითქოს, კალაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.
მისივე განცხადებით, სასამართლოში კარგად ვერ ერკვევიან უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და ფულის გათეთრებაში, რადგან ქვეყანაში სამართლებრივი პრაქტიკა მსგავს საქმეებთან დაკავშირებით თითქმის არ არსებობს.
ადვოკატის თქმით, კალაძე აღნიშნულ საქმეში ბრალდებულის სახით არ არის ცნობილი და არც სხვა იურიდიული სტატუსი აქვს.
„კარგი იქნება, სასამართლოს, პროკურატურისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მოხელეები კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს თუ გაივლიან და ისწავლიან რა არის ფულის გათეთრება, რადგან კონკრეტული ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა იმ პირის მიერ, რომელსაც შესაბამისი შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს, „ფულის გათეთრება“ არ არის“-განუცხადა „ნიუსპრესს“ თადუმაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებით ცდილობს აღნიშნული საქმე დანაშაულებრივად შეფუთოს და მას „ფულის გათეთრებას“ უწოდებს.
„საქართველოში „ფულის გათეთრება“ და მსგავსი დანაშაული გარკვეულწილად უცხო ხილია, რადგან მოსახლეობის 99%-ს ფული არ აქვს და მას ვერც გაათეთრებს, შესაბამისად, ხელისუფლება ცდილობს ამ არასამართლებრივი პრაქტიკის მქონე დანაშაულს პოლიტიკური შეფუთვა მისცეს და ნებისმიერ ფინანსურ ოპერაციას „ფულის გათეთრება“ დაარქვას, მაშინ, როდესაც კანონში ამისთვის შესაბამისი განმარტება არსებობს“ - განაცხადა თადუმაძემ.
მისი განმარტებით, „ფულის გათეთრებად“ თანხების ისეთი მიმოქცევა ითვლება, სადაც ფულის წარმომავლობა, მისი მიმღები, გამტარი და ა.შ. არ ფიქსირდება. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, კახა კალაძესთან მიმართებაში მსგავსი კითხვების გაჩენა სამართლის სფეროს სცილდება.
„მთელი უკანონობა ამ ღონისძიების ის არის, რომ თუ პირი არ არის ბრალდებული, საპროცესო კოდექსის მიხედვით, არ შეიძლება მისი ანგარიშების დაყადაღება. რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა, ჯერ ანგარიში დაყადაღდეს და მერე იქნეს პირი ბრალდებულად ცნობილი, დაუშვებელია, რადგან თუ ანგარიში დაყადაღებულია, მაშინ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირმა რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა“- აღნიშნა თადუმაძემ და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში მოსამართლე და პროკურორი მიღებული გადაწყვეტილებების იურიდიულ დასაბუთებაში დარწმუნებულები არ არიან, სიფრთხილის ზღვარს ინარჩუნებენ და ბუნდოვან განჩინებას გამოსცემენ.
ადვოკატს მიაჩნია, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ მომავალში სასამართლოს კალაძის ქონების ჩამორთმევის საშუალება მიეცეს, რაც მისივე თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს უკვე აქვს მომავალში განსახორციელებელი გეგმა კალაძისთვის ქონების ჩამორთმევის შესახებ.
„ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს კახი კალაძეს საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში 25 ივლისს დაუყადაღეს. კახა კალაძე ამჟამად საქართველოში იმყოფება.
