„ქართული ოცნების“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ დღეს პროკურატურაში 9 საჩივარი შეიტანა.
საჩივარი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს ეხება.
შვიდი საჩივარი 13 ივლისს, ბოლნისის რაიონის სოფელ რაჭისუბანში მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კოალიცის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური და მაჟორიტარობის კანდიდატი დარეჯან ჩხეტიანი საარჩევნო პროგრამის შესახებ მოსახლეობას ხვდებოდნენ.
როგორც თედო კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრა სააგენტო KK INFOS წარმომადგენლებმა ჩაშალეს. ამასთან, კობახიძის თქმით, შემთხვევის ადგილზე პატრული არ გამოცხადდა.
მისი განმარტებით, შეხვედრაში მონაწილე მოსახლეობის ნაწილმა - შვიდმა ადამიანმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მიმართა. მათი საჩივრები დღეს საქართველოს პროკურატურაში დარეგისტრირდა.
შვიდივე საჩივარში მოთხოვნილია ფაქტზე საქმის აღძვრა და „აღნიშნული პროვოკაციის განმახორციელებელთა“ დასჯა.
დანარჩენი ორი სარჩელი კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის გიორგი ნატროშვილის საქმეს შეეხება, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში 22 ივლისს მომხდარი ინციდნეტის გამო, 30 დღიან პატიმრობაშია.
თავად გიორგი ნატროშვილი და მისი მეუღლე ნათელა ბიტკინაშვილი ნატროშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტას მოითხოვენ და გურჯაანის გამგეობის თანამშრომლის მარინა ჩითინაშვილის დასჯას ითხოვენ, რომელმაც მათი აზრით, ამ ინციდენტის პროვოცირება მოახდინა და სიტყვიერი შეურახყოფა მიაყენა ნატროშვილის მეუღლეს.
