საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ბოლო პერიოდში
ჟურნალისტებისთვის თავისუფალი საქმიანობის შესაძლებლობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმაურება.
როგორც საია იუწყება, საუბარია მიმდინარე წლის 22 ივლისს, სოფელ შაუმიანში მომხდარ ინციდენტზე, სადაც მოსახლეობის პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ ,,ინფო 9“-ის ჟურნალისტებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, ყოველგვარი განმარტების გარეშე, მოსახლეობის ჩაწერის საშუალება არ მისცეს. ასევე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც 25 ივლისს, ხობის რაიონის სოფელ ხეთაში ჟურნალისტებს არ ჰქონდათ საშუალება პრეზიდენტის მოსახლეობასთან შეხვედრა გაეშუქებინათ.
ამავე დროს, საია აცხადებს, რომ 24 ივლისს, ოზურგეთში გაზეთ ,,გურია ნიუსი“-ს ჟურნალისტებს არ მიეცათ შესაძლებლობა, გაეშუქებინათ პრეზიდენტის ვიზიტი რეგიონში. როგორც მათ სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირმა განუმარტეს, ისინი დაცულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
„გავრცელებული მასალებით კი, ნათლად ჩანს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, გადაადგილება შეზღუდული არ არის. ასეც რომ არ ყოფილიყო, შეზღუდვა პრესაზე ვერ იქნებოდა დაწესებული, რადგან სხვა მედია საშუალებების მიერ აღნიშნული ინფორმაცია გაშუქდა“-აცხადებს ორგანიზაცია და დასძენს, რომ გამოცემის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ გადაღებული მასალები წაუშალეს.
საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მსგავსმა ფაქტებმა იმატა, განსაკუთრებით შემაშფოთებელი კი ის შემთხვევებია, როდესაც მსგავი ქმედებები საჯარო მოხელეების მიერ ხორციელდება.
„მოვუწოდებთ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, კანონით გათვალისწინებული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ დაფიქსირებულ დარღვევებზე, რათა მომავალში თავიდან იყოს აცილებული ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები“-აცხადებს ორგანიზაცია.
ამავე დროს, მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება და წარმოადგინოს მათი ინტერესები როგორც ადმინისტრაციული ორგანოების, ისე სასამართლოს წინაშე.
