არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ხელისუფლებას წინასაარჩევნო პროცესებში ადამინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლებამ მანდატურის ინსტიტუტის სრული მობილიზაცია მოახდინა, კერძოდ, თბილისის სკოლების მანდატურები, იდენტიფიცირების გარეშე, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ატყობინებენ, რომ დავალება მიიღეს აქტიური კონტროლი განახორციელონ მომავალ არჩევნებში. მათი ინფორმაციით, ხელისუფლებამ მანდატურები დამკვირვებლად გადაამზადა, რომლებიც პროცესებს სხვადასხვა ორგანიზაციების სახელით „დააკვირდებიან“, საუბარია 1 000–მდე მანდატურზე.
„ჩვენი შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტია არჩევნების მასიური გაყალბებისთვის ემზადება. მანდატურების მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ხელისუფლების დამკვირვებლები გასული არჩევნების მსგავსად, ოქტომბერშიც საარჩევნო უბანზე მოსული მოქალაქეების დაშინებას გააგრძელებენ“- აცხადებენ ორგანიზაციაში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ არ გამორიცხავს, რომ ახლა უკვე, საარჩევნო ურნების გატაცება, საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრა თუ სხვა ხელისშემშლელი ღონისძიება გადამზადებულ მანდატურებზე იქნება დამოკიდებული.
„ვფიქრობთ, რომ არჩევნებში მანდატურების გამოყენების ფაქტით საარჩევნო კოდექსის 48-ე და 49-ე მუხლების ამოქმედების ლეგიტიმური წინაპირობა არსებობს, რაც არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვას გულისხმობს. ამიტომ, მივმართავთ პროკურატურას, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით, გამოიძიოს და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს“ - აცხადებენ ორგანიზაციაში და ხელისუფლებას მოუწოდებენ გაითვალისწინოს პატრიარქის მოწოდება - მანდატურების ფუნქციების გადახედვის შესახებ.
