სახელმწიფო აუდიტის სამსახური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადახდის ფაქტს ადასტურებს.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის 24 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა დაფარა კანონის საფუძველზე მისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხა 74 325 065, 65 ლარი და აღსრულების საფასური 5 202 754, 60 ლარის ოდენობით.
უწყებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს რეაგირებას ყველა სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით იმისთვის, რათა გამოირიცხოს პოლიტიკური კორუფცია და პოლიტიკურ ფინანსების გამჭირვალეობასთან დაკავშირებული ნორმების დარღვევები.
მათივე ცნობით, ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის 11 ივნისს, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონის შესაბამისად, პოლიტიკური კორუფციისა და უკანონო შემოწირულობების ფაქტებზე დაჯარიმდა.
ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა 148 650 131 ლარს შეადგენდა.15 ივნისს კი, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული თანხა გაანახევრა.
