„ქართუ ჯგუფი“ დროებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ უკვე დატოვა.
ამის შესახებ „ნიუსპრესს „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ალა კახნიაურმა განუცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის მიერ ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ, „ქართუ ჯგუფის“ დროებითი მმართველი ავტომატურად შეიცვალა.
„ამის შემდეგ ალბათ მიღებული იქნება გადაწყვეტილებები მის მიერ დანიშნული ხალხის შეცვლის თაობაზეც“-განაცხადა კახნიაურმა.
მისივე თქმით, „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი თანამდებობაზე ჯერ არ დაბრუნებულა. ამის შესახებ გადაწყვეტილებას „ქართუ ჯგუფის“ აქციონერები მიიღებენ.
დღესვე, 18:00 საათზე ნოდარ ჯავახიშვილის სპეციალური პრესკონფერენცია დაინიშნა.
დროებითი მმართველი „ქართუ ჯგუფსა“ და „პროგრეს ბანკში“ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ 12 ივლისს დანიშნა, რომელმაც „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი დაითხოვა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანის მოთხოვნით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმართა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. შესაბამისად, აღსრულების ბიურომ „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% და „პროგრეს ბანკის“ 21.7% აუქციონზე გაიტანა, რომელიც 10 ივლისს უშედეგოდ დასრულდა - ქონება არ გაიყიდა.
ბიძინა ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით, 75 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რომელიც მან უკვე სრულად გადაიხადა.
