შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
17:28 11.10.2018
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მემორანდუმის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ეფექტიანი ღონისძიებების დაგეგმვა, დანაშაულის პრევენციის, ასევე, ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვანთა დანაშაულის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ერთობლივი აქტივობების ორგანიზება.

„მართლმსაჯულების სისტემის ხარისხის გაზრდა პროცესში მონაწილე ყველა მხარეს შორის თანაბარი, თანასწორი და კონკურენტული თანამშრომლობის გარეშე იქნება რთული. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ადვოკატთა ასოციაციასთან მემორანდუმს, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენი თანამშრომლობა უფრო ეფექტური გავხადოთ. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემური განახლების რეფორმებს ახორციელებს, როგორც სტრუქტურულს, ასევე შინაარსობრივს და საკანონმდებლოს. ჩვენი მიდგომების ერთ-ერთი ნაწილი ადვოკატთა კორპუსთან სწორედ მსგავსი ჯანსაღი ურთიერთობა გახლავთ. ამიტომ გვესმის, რომ ჩვენი საზოგადოების განვითარებითვის ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადვოკატთა ასოციაცია სამომავლოდ სამართლებრივი საკითხების განხილვა-გადაწყვეტის და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით თანამშრომლობას გააღრმავებენ, ასევე, ითანამშრომლებენ სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისა და ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის საგანმანათლებლო/სასწავლო ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებითაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პირველად გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმება ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, მართლმსაჯულების სისტემის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე ეფექტიანად აისახება.

ბეჭდვა