საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სტუდია „მონიტორის“ გაქურდვის ფაქტის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.
ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საია მიიჩნევს, რომ სტუდია „მონიტორი“ დამოუკიდებელი ჟურნალისტური გაერთიანებაა, რომლის საქმიანობა ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის კუთხით მნიშვნელოვანია.
„აღნიშნული სტუდია ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც ამზადებს ჟურნალისტურ გამოძიებას და შესაბამისად, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საზოგადოების წინაშე“ - ნათქვამია საიას განცხადებაში.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ სტუდია „მონიტორი“ ჩამოყალიბების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და სარგებლობს საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მომსახურებით.
განცხადების თანახმად, საიას ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს მიაჩნია, რომ „მონიტორის“ გაქურდვის ფაქტის სწრაფი და ეფექტური გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა, მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდნენ.
სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტებს გუშინ ოფისი გაქურდული დახვდათ. დაკარგულია ექვსი პერსონალური კომპიუტერი, ორი სამონტაჟო აპარატურა, ორი ვიდეოკამერა, შტატივი და ფლიპ-კამერა. აპარატურასთან ერთად წაღებულია ჟურნალისტების სამუშაო მასალები.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
