პროკურორი: ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება და არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობა ეკავა
პროკურორი: ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება და არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობა ეკავა
14:17 20.07.2018
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრების გამოკითხვის ფაქტთან დაკავშირებით პროკურორმა დღეს პირველი განცხადება გააკეთა.
კოკა კაციტაძის განცხადებით, საქმე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის შემთხვევებს ეხება.
მისივე თქმით, ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომლის ბრალეულობაც გამოკვეთება გამოძიების ფარგლებში და არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსი გააჩნია მას.

„პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ამ შემთხვევაში გამოძიების ინტერესის საგანს წარმოადგენს მისი მინისტრობის პერიოდში განხორცილებეულ პროექტებში გამოვლენილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტები.
ასევე გამოკითხვაზე იმყოფებოდა მეორე მინისტრი, ზურაბ ალავიძე და ამ შემთხვევაში გამოძიება სწავლობს იმ სახელმწიფო შესყიდვებს, რომელიც განხორციელდა ამ სამინისტროსთან დაკავშირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან.
ამ საქმის ფარგლებში გამოიკითხა და გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც რაიმე შემხებლობა აქვს ამ ქმედებებთან მიმართებით.
მე არ შემიძლია ვისაუბრო იმ საგამოძიებო გეგმის შესახებ, რომელიც გააჩნია პროკურატურას და შესაბამისად, კონკრეტული სახელი და გვარების დასახელებას მოვერიდები, თუ რომელი მოწმის დაბარება მოხდება პროკურატურაში დაკითხვის მიზნით.
დადგება ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის ბრალეულობაც გამოკვეთება ამ გამოძიების ფარგლებში და არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობა ეკავა მას და რა სტატუსი გააჩნია“- განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას. 

ბეჭდვა