„ქართუ ჯგუფში“ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება
„ქართუ ჯგუფში“ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება
11:45 19.07.2012
სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფში“ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქართუ ჯგუფის“ იურისტთა ჯგუფის განყოფილების უფროსმა ალა კახნიაურმა განუცხადა.

მისი თქმით, „ქართუ ჯგუფში“ საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა.

„ქართუ ჯგუფის“ იძულებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ სამეთვალყურეო საბჭოს ახალ წევრებთან ირაკლი ზარქუასთან და როინ ცაციაშვილთან ერთად, „ქართუ ბანკის“ დირექტორატის შემადგენლობა, 8 თანამშრომელი, 12 ივლისს დაითხოვა.

ამ დრომდე უცნობია „ქართუ ბანკის“ განახლებული დირექტორატის შემადგენლობა, ხოლო „ქართუ ბანკის“ ვიცე-პრეზიდანტად ირაკლი ზარქუა დაინიშნა.

როგორც „ნიუსპრესს“ ვლადიმერ უგულავამ განუცხადა, გეგმების შესახებ ის განცხადებას მოგვიანებით აუცილებლად გააკეთებს, თუმცა, მას ზუსტი დრო არ დაუსახელებია.

ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული ქონება „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100% და „პროგრეს ბანკის“ 21.7% საჯარო აუქციონზე იყო გატანილი, თუმცა, არ გაიყიდა.

ამის შემდეგ აღსრულების ბიურომ სასამართლოს აღნიშნულ კომპანიებში იძულებითი მმართველის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა, რომელიც მესაკუთრის ყველა უფლებით ისარგებლებს.
მმართველობის პერიოდი მოვალის დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. რაც შეეხება ვალს, ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით, სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი 75 მლნ ლარით დააჯარიმა.

ბეჭდვა