სახალხო დამცველი მსჯავრდებულ მელორ ვაჩნაძის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს
სახალხო დამცველი მსჯავრდებულ მელორ ვაჩნაძის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს
11:15 19.07.2012
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში  მოთავსებული მსჯავრდებულის მელორ ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადსაღებად მიიჩნევენ. ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მსჯავრდებული 18 ივლისს მოინახულეს.
მათი ინფორმაციით, ვაჩნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა, კიდევ უფრო დამძიმდეს.
„იგი #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში რამდენჯერმე გადაიყვანეს, სადაც მას ყოველ ჯერზე სიმპტომატური მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა, შესაბამისი გამოკვლევები არ ჩატარებია, რომლის შესაძლებლობა მსჯავრდებულის თქმით, #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებას არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა“ - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს მსჯავრდებული მელორ ვაჩნაძის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანისა და სათანადო გამოკველევის ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ბეჭდვა