სასამართლომ პარტიების ანგარიშებზე თანხების შემომწირველი 6 პირი დააჯარიმა
სასამართლომ პარტიების ანგარიშებზე თანხების შემომწირველი 6 პირი დააჯარიმა
14:09 18.07.2012
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების - „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ეროვნული ფორუმისთვის“ თანხის  შემომწირველი 6 პირი სასამართლომ შეწირული თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა.

დაჯარიმებული რომან კუსიანის განცხადებით, რომელმაც თანხა „თავისუფალი დემოკრატების“ ანგარიშზე გადარიცხა, ვიდრე სასამართლო  სამართალდამრღვევად მათი ცნობის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა, აუდიტის სამსახურს შემომწირველების პირადი ანგარიშები უკვე დაყადაღებული ჰქონდა.

მისი თქმით, მის მიერ განხორციელებული შემოწირულობის და თანხის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლოს წარუდგინა, თუმცა, იგი არცერთმა უწყებამ მხედველობაში არ მიიღო.

„სასამართლოს ტენდენციურობიდან და აუდიტის სამსახურის ნებიდან გამომდინარე - „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ნებისმიერი პირი მაქსიმალურად უნდა დაისაჯოს. 6 ოჯახი უკვე დარჩენილია საცხოვრებლის გარეშე. ეს არის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დაკვეთა და მისი შემსრულებელი პირადად ლევან ბეჟაშვილია, რომელიც მოგელაძის სამსახურს ეფარება“ - განაცხადა რომან კუსიანმა და აღნიშნა, რომ გენერალური აუდიტორი ლევან ბეჟაშვილი თავად არის ანალოგიური დარღვევების ავტორი და შემსრულებელი.

რომან კუსიანმა ჟურნალისტებს დოკუმენტაცია წარუდგინა, რომლის მიხედვით, ბეჟაშვილმა თავად განახორციელა შემოწირულობა მმართველი პარტიის ანგარიშზე და ამავდროულად, იგი ინდმეწარმეცაა, რაც კუსიანის თქმით, დაუშვებელია.

კუსიანი აღნიშნავს, რომ ბეჟაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე 500 000 აშშ დოლარის ოდენობის შემოწირულობა განახორციელა.

როგორც „ეროვნული ფორუმის“ ანგარიშზე შემომწირველი თეიმურაზ ხარაიშვილის ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ექვსივე შემომწირველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა ერთ კვირაში გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყება.

ადვოკატის თქმით, საქმე დადგენილ ვადებში გასაჩივრდება.

სულ დაჯარიმებულია ექვსი პირი - გიორგი რჩეულიშვილი, ომარ შაუთიძე, თეიმურაზ ხარაიშვილი, ანზორ შაუთიძე, მარტია ჭინჭარაული და რომან კუსიანი.

ბეჭდვა