კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების მიმართ გამოტანილი წინასწარი პატიმრობის განაჩენი 48 საათის განმავლობაში გასაჩივრდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს „კონსერვატორული პარტიის“ აღმასრულებელი მდივნის მერაბ კაჭახიძის ადვოკატმა ლადო მაჭავარიანმა განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმეს კავშირი არა აქვს სისხლის სამართალთან, კერძოდ, ამომრჩევლის მოსყიდვასთან, რადგან კანონის შესაბამისი განმარტება მხოლოდ თანხის წარმომავლობის საკითხების შესწავლას გულისხმობს.
ადვოკატს მიაჩნია, რომ ეს არ ჯდება სისხლის სამართლის კანონდარღვევის ფარგლებში და საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წესის მიხედვით უნდა განეხილათ.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა შეესწავლა ამ თანხების წარმომავლობის საკითხი და შემდეგ, პარტიების ანგარიშებზე მისი გადარიცხვის წესი. აქ არ შეინიშნება სისხლის სამართლის მოცემულობის ნიშნები. სასამართლო სხდომაზე ამ საკითხებზე გავამახვილეთ ყურადღება, თუმცა, მოსამართლემ პასუხი არ გაგვცა და პროკურორის შუამდგომლობებს ბრმად მიენდო“ - განაცხადა მაჭარაშვილმა და დასძინა, რომ პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და სწორედ ამიტომ, მათ მოსაძიებლად 50 დღე ითხოვა.
კაჭახიძის შვილმა, ასევე „ქართული ოცნების“ წევრმა დავით კაჭახიძემ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის შესახებ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ საქმე აუცილებლად ევროპულ სასამართლოში წარიმართება.
„ჩვენი არც ერთი არგუმენტი არ მიიღო სასამართლომ, ის დაკავებული იყო პროკურორის არგუმენტების განმტკიცებით და მათი შევსებით. არ ვაპირებთ ამ საქმის მიტოვებას. ვგეგმავთ, რომ ევროსასამართლოს გზით და ევროპული ინსტიტუტების ჩართულობით დავადგინოთ სიმართლე - ეს არის პოლიტიკური ხაისიათის დევნა“-განაცხადა დავით კაჭახიძემ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ სამ წევრს - მერაბ კაჭახიძეს, თეიმურაზ შეყლაშვილსა და ტარიელ ქარდავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად 2 თვიანი პატიმრობა დღეს შეუფარდა. ქართული ოცნების წევრებს ბრალად „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვისთვის თავის არიდების მიზნით, თვალთმაქცური გარიგების დადება ედებათ.
სასამართლო პროცესი 4 სექტემბერს განახლდება.
