თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ დაკავებულ წევრებს - მერაბ
კაჭახიძეს, ტარიელ ქარდავასა და თეიმურაზ შეყლაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
კოალიციის აღნიშნული წევრები პოლიციამ გუშინ დააკავა. მათ ბრალი თვალთმაქცური გარიგების მუხლის მიხედვით წარედგინათ.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვისთვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტზე 2012 წლის მაისში დაიწყო.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა „კონსერვატორული პარტიის“ აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით ხელზე 7 000 ლარი გადასცა, რომელიც მისივე მითითებით, წინასწარ შერჩეულ 6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა. აღნიშნულმა პირებმა, წინასწარ შედგენილი სქემის შესაბამისად, თანხა თვალთმაქცური გარიგების გზით, ისევ პარტიის ანგარიშზე საწევროს სახით გადარიცხეს. ამასთან, გამოძიებას გააჩნია მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ იგივე სქემა გამოიყენა „ქართული ოცნებაში“ შემავალმა „ეროვნულმა ფორუმმა“.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, „ეროვნული ფორუმის“ გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ შეყლაშვილმა და ამავე პარტიის აქტივისტმა ტარიელ ქარდავამ ნაღდი ფულის სახით „ეროვნული ფორუმის“ აქტივისტს 1 750 ლარი გადასცეს, რომელიც ამ უკანასკნელმა „ეროვნული ფორუმის“ ანგარიშზე შემოწირულობის სახით გადარიცხა.
