საია „ქართული ოცნების“ დაკავებული წევრებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ადმინისტრაციულით შეცვლას ითხოვს
საია „ქართული ოცნების“ დაკავებული წევრებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ადმინისტრაციულით შეცვლას ითხოვს
11:32 18.07.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კოალიცია „ქართული ოცნების“ სამი წევრის მიმართ წაყენებულ ბრალდებას არამართებულს უწოდებს.

საია-ში აცხადებენ, რომ შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერში იკვეთება ადმინისტრაციული და არა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

საია-ს თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლი სისხლის სამართლებრივ დასჯად ქმედებად მიიჩნევს მხოლოდ ამომრჩევლის მოსყიდვას. ამავე მუხლში კი, მოხსენიებულია „კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება“.

ჩუგოშვილის თქმით, სწორედ ამ მუხლით უნდა განიმარტოს შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ჩანაწერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლით თვალთმაქცური გარიგების დადება ან სხვა მანიპულაციები სისხლის სამართლის ჭრილში განიხილება და ეს ტენდენცია მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

საია-ში აცხადებენ, რომ შსს-ს მიერ მითითებულ ქმედებებზე რეაგირება მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციაა.

„შსს-ს განცხადებაში აღწერილი ქმედებები დადგენილი წესით დადასტურების შემთხვევაშიც კი, სრულიად შეუსაბამო, არაპროპორციული და უკანონოა დაკავებულ პირთა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მსჯელობა, ვინაიდან სახეზე არ არის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. შესაბამისად, მოვუწოდებთ პროცესის მწარმოებელ ორგანოს, შეწყვიტოს მოცემულ საქმეზე გამოძიება და მასალები რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნოს“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერში განსაკუთრებით აქტიურობს ქალბატონო, რომელიც ფარულ ვიდეო ჩაწერას ახორციელებს.

საია-ში აცხადებენ, რომ ოპერატიული ღონისძიებების განხორციელების დროს მასში მონაწილე სუბიექტების მხრიდან დაცული უნდა იყოს გონივრული ზღვარი და მათი ქმედება არ უნდა გადაიზარდოს დანაშაულის წაქეზებაში და არ მოახდინოს დანაშაულის პროვოცირება, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია.

„მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ოპერატიული ღონისძიებების იმგვარად დაგეგმვასა და განხორციელებაზე, რომ გამოირიცხოს დანაშაულის პროვოკაციის ნიშნების არსებობა“ - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

შსს-მ „ქართული ოცნების“ სამი წევრი მერაბ კაჭახიძე, თეიმურაზ შეყლაშვილი და ტარიელ ქარდავა 16 ივლისს დააკავა.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულმა პირებმა წინასწარ შედგენილი სქემის შესაბამისად თვალთმაქცური გარიგება დადეს. კერძოდ, „კონსერვატორული პარტიის“ აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით 7 000 ლარი გადასცა, რომელიც მისივე მითითებით წინასწარ მოძებნილ 6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა, რომლებმაც თანხა „კონსერვატორული პარტიის“ ანგარიშზე საწევროს სახით გადარიცხეს. ასევე, „ეროვნული ფორუმის“ გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე თეიმუზარ შეყლაშვილმა და ამავე პარტიის აქტივისტმა ტარიელ ქარდავამ „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ აქტივისტს 1 750 ლარი გადასცეს, რომელმაც იგი „ეროვნული ფორუმის“ ანგარიშზე შემოწირულობის სახით გადარიცხა.

ბეჭდვა