თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ დაკავებული წევრების სასამართლო პროცესი დაიწყო.
კოალიციის წევრები - მერაბ კაჭახიძე, ტარიელ
ქარდავა და თეიმურაზ შეყლაშვილი პოლიციამ გუშინ დააკავა, რომელთაც ბრალი თვალთმაქცური გარიგების მუხლის მიხედით წარედგინათ.
„კონსერვატორული პარტიის“ აღმასრულებელი მდივნის მერაბ კაჭახიძის ადვოკატის კობა კობახიძის განცხადებით, უკანონო შემოწირულობები, რომც განხორცილებულიყო საქმე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარე უნდა ყოფილიყო და არა პოლიციას. შესაბამისად, კოალიციის წევრების დაკავებას ადვოკატი უკანონოდ მიიჩნევს.
მისი განმარტებით, „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მიხედვით, თუ რაიმე თვალთმაქცური გაგრიგება მოხდა პარტიაში შემოწირულობების ან პარტიული საწევრის შეტანასთან დაკავშირებით, ამას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს, რომელსაც ფიზიკური პირის დაჯარიმების უფლება აქვს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება, „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვისთვის თავის არიდების მიზნით, თვალთმაქცური გარიგების დადების ფაქტზე 2012 წლის მაისში დაიწყო.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა „კონსერვატორული პარტიის“ აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით ხელზე 7 000 ლარი გადასცა, რომელიც მისივე მითითებით, წინასწარ შერჩეულ 6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა. აღნიშნულმა პირებმა, წინასწარ შედგენილი სქემის შესაბამისად, თანხა თვალთმაქცური გარიგების გზით, ისევ პარტიის ანგარიშზე საწევროს სახით გადარიცხეს.
ამასთან, გამოძიებას გააჩნია მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ იგივე სქემა გამოიყენა „ქართული ოცნებაში“ შემავალმა „ეროვნულმა ფორუმმა“.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, „ეროვნული ფორუმის“ გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ შეყლაშვილმა და ამავე პარტიის აქტივისტმა ტარიელ ქარდავამ ნაღდი ფულის სახით „ეროვნული ფორუმის“ აქტივისტს 1 750 ლარი გადასცეს, რომელიც ამ უკანასკნელმა „ეროვნული ფორუმის“ ანგარიშზე შემოწირულობის სახით გადარიცხა.
