ტელეკომპანია მაესტროს ადვოკატს დიმიტრი გაბუნიას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში შსს-ს წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.
გაბუნიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ უარი უთხრა ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე "მაესტროს" ოფისიდან " რუსთავის მედიის მართვის" კომპანიის წარმომადგენლების გამოსახლებაზე, რომლებიც სრულიად უკანონოდ იმყოფებოდნენ შენობაში და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტების საქმიანობას.
ამასთან, ჟურნალისტები მორალური ზიანის ანაზღაურებასაც მოითხოვენ.
"ჩვენ გვაქვს სახალხო დამცველის დასკვნა, სადაც არაორაზროვნად წერია, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას და პოლიციის მხრიდან არათანაბრი ძალის გამოყენებას", - აცხადებს გაბუნია.
ტელეკომპანია "მაესტროს" ადვოკატი კიდევ ერთ სარჩელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ეროსი კიწმარიშვილისა და "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" წინააღმდეგ შეიტანს. მასში მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ.
გაბუნიას განმარტებით, ტეკლეკომპანია "მაესტროს" 2 200 000 ლარის ღირებულების ტექნიკა დაზიანებულია.
ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად ამ შეფერხებებისა, ტელეკომპანია "მაესტრო" სატელიტის საშუალებით ორ კვირაში, ეთერში განახლებული სტუდიებიდან და განახლებული ტექნიკით გავა.
დაპირისპირება "მაესტროს" მართვის კომპანიასა და დამფუძნებლებს შორის გასული წლის დეკემბერში დაიწყო.
