სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, დავით ბეჟუაშვილის მიერ კანონდარღვევის ფაქტი არ დადასტურდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, დავით ბეჟუაშვილის მიერ კანონდარღვევის ფაქტი არ დადასტურდა
17:28 17.07.2012
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, პოლიტიკური სუბიექტების ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში, 3 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის  სოფელ ასურეთში, „ასურეთობის" დღესასწაულზე მოწყობილ საზეიმო სუფრასთან დაკავშირებული გარემოებები შეისწავლა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საფუძვლად დაედო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა თეთრიწყაროს რაიონიდან - დავით ბეჟუაშვილმა, სოფელ ასურეთის სამების ეკლესიის ეზოში, „ასურეთობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, საკუთარი სახსრებით მოაწყო საზეიმო სუფრა, სადაც მიპატიჟებული ჰყავდა სოფლის მოსახლეობა.
„რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიერ დღესასწაულის ორგანიზებისა და მატერიალური მხარდაჭერის ფაქტი ვერ დადასტურდა. მოპოვებული ინფორმაცია არ იძლევა გონივრული რწმუნების საფუძველს, რომ ადგილი ჰქონდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევას“- აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დადგინდა, რომ „ასურეთობის", იგივე წმინდა სამების დღესასწაული სოფელ ასურეთში 2003 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს ეკლესიაში წირვის დასრულების შემდეგ, ეპარქიის, მრევლისა და სოფლის მოსახლეობის სახსრებით საზეიმო ტრაპეზი ეწყობა, რომელსაც მიწვეული სტუმრებიც ესწრებიან.


ბეჭდვა