გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებული ბექა ცობეხია დანაშაულს აღიარებს
გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებული ბექა ცობეხია დანაშაულს აღიარებს
11:44 17.07.2012
მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია, რომელიც სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გიორგი ფოჩხუას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1992 წელს დაბადებული ბექა ცობეხია დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით ედება.

„დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, რომლის მოტივადაც ურთიერთშელაპარაკება სახელდება. ასევე, დაკავებულია ბრალდებულის მეგობარი, დაცვის პლიციის თანამშრომელი, 1990 წელს დაბადებული ნიკოლოზ ბაძაღუა, რომელიც ბრალდებულია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება)“ - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციის მიერ ამოღებულია გარდაცვლილის ფოტოაპარატი და მობილური ტელეფონი.

27 წლის მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. მანამდე კი, ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პროექტ „ჯეობარში“ მონაწილეობდა.

გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

ბეჭდვა