ინგა გრიგოლიას მიმართ ადევნებისა და მუქარის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა
ინგა გრიგოლიას მიმართ ადევნებისა და მუქარის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარედგინა
17:41 22.05.2018
საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებულ ადევნებისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა,რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.


„საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტ ი.გ.-ს ადევნების და მუქარის ფაქტზე 2018 წლის 22 მაისს რ.ნ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1 ნაწილით და 151-ე მუხლის 1 ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.- მ, ი.გ.- სთან, მისთვის არასასურველი კომუნიკაცია დაამყარა, დაადგინა მისი მობილური ტელეფონის ნომერი, სამსახურის მისამართი და დაუწყო უკანონო თვალთვალი: სისტემატიურად ურეკავდა ტელეფონზე, სთხოვდა შეხვედრას, აკითხავდა სამსახურთან და საცხოვრებელ სახლთან, უგზავნიდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და ხელნაწერ წერილებს, სთხოვდა თითქოსდა საერთო შვილის ჩვენებასა და ვითომდა მითვისებული ქონების დაბრუნებას. ხსენებული მოთხოვნების შესასრულებლად კი მასზე სისტემატიურ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, ემუქრებოდა ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანებით. რ.ნ.-ს ქმედებებით, რომელიც 2018 წლის 10 მაისამდე გრძელდებოდა, ი.გ. ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა და მუქარის განხორციელების მუდმივი რეალური საფრთხის და შიშის განცდა ჰქონდა.
სამართალდამცველებმა რ.ნ. 2018 წლის 21 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. რ.ნ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- ნათქვამია განცხადებაში.




ბეჭდვა