საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის სამორიგეო განყოფილების ინსპექტორს რომან ცეცაძეს საქალაქო
სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
როგორც „ნიუსპრესს“ საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, ცეცაძეს ბრალად ხულიგნობა ედებოდა და მისი საქმის გახილვა სასამართლოში დღეს დაასრულდა.
საქმის მასალების მიხედვით, რომან ცეცაძე 2007 წლის ივნისში შვილის სანახავად, ყოფილი მეუღლის სახლში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა.
ბრალდებულს კარი ყოფილი მეუღლის დამ მაია გ.-მ გაუღო, რომელმაც რომან ცეცაძეს სთხოვა, რომ რადგან ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შვილის სანახავად სხვა დროს მისულიყო. აღნიშნულზე, რომან ცეცაძემ ხმამაღლა გამოხატა უკმაყოფილება, მან საქამრიდან ტაბელური იარაღი ამოიღო და მაია გ.-ს სახლში შეშვება მუქარით მოსთხოვა.
რომან ცეცაძის მიერ გამოწვეულ ხმაურზე ეზოში მეზობლები გამოვიდნენ, რომლებიც ბრალებულის დამშვიდებას ცდილობდნენ, რა დროსაც ბრალდებულმა მაია გ.-ს სახეში ხელი ძლიერად გაარტყა. საბოლოოდ მეზობლებმა კონფლიქტის ლოკალიზება შეძლეს და რომან ცეცაძე ყოფილი მეუღლის სახლს მოარიდეს. წასვლისას რომან ცეცაძე მაია გ.-ს დაემუქრა, რომ სასტიკად ანანებდა აღნიშნულ შემთხვევას.
ამავე ბრალდების თანახმად, 2007 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 03:30 საათზე, რომან ცეცაძემ მაია გ.-ს კუთვნილ ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა, რითაც მას 20 000 აშშ დოლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
საქალაქო სასამართლოს ცნობით, რომან ცეცაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იყო გირაო, მაგრამ მან სასამართლოში გამოცხადებას თავი აარიდა, რის გამოც სიხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა ბრალდებულის დასწრების გარეშე წარიმართა.
საქმის განხილვისას, უტყუარად რომან ცეცაძის მიერ დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანის ცეცხლის წაკიდებით დაზიანების ფაქტი ვერ დადასტურდა, რის გამოც ბრალდების ამ ნაწილში ცეცაძე უდანაშაულოდ მიიჩნიეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე რომან ცეცაძის მიერ ხულიგნობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია და მას 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 3 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.
