გიორგი გახარია: როდესაც დადასტურებული ეჭვი გვაქვს ნარკორელიზაციასთან დაკავშირებით უწყების მოქმედების არეალს ვერავინ შეზღუდავს
 გიორგი გახარია: როდესაც დადასტურებული ეჭვი გვაქვს ნარკორელიზაციასთან დაკავშირებით უწყების მოქმედების არეალს ვერავინ შეზღუდავს
14:23 14.05.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკორელიზაციასთან დაკავშრებით დასაბუთებული ეჭვი აქვს, მისი უწყების მოქმედების არეალს ვერავინ შეზღუდავს.
მისივე თქმით, ბოლო ორ კვირაში ღამის კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციების შემთხვევები გაიზარდა.
ამის შესახებ გახარიამ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთნხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები  არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლემა. მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედების არეალს. წერტილი! ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ბევრ ერთობლივ ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებას მივაღწიოთ, მაგრამ ეს არის ის პლატფორმა რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ეს არის პირველი შეთანხმება და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ამის შემდგომ, როგორც გუშინ აღვნიშნე ჩვენ ვართ მზად განვიხილოთ ყველა საკითხი და ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობს, განსაკუთრებით დღეს პარასკევი ღონისძიებასთან დაკავშირებით და დავპირდით ჩვენს სტუმრებს, რომ დეტალურად განვიხილავთ მათთან ერთად იყო თუ არა შემთხვევები უფლებამოსილების გადამეტების პოლიციის მხრიდან. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, დღეის მდგომარეობით არც ერთი ასეთი შემთხვევა ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის, თუმცა ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ განვიხილოთ ეს საკითხი და თუ დადასტურდა ასეთი შემთხვევა კონკრეტული - ამაზე ვისაუბროთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სპეციალური საშუალებებით დაფიქსირებული 20 შემთხვევა, კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისა - ეს ერთი. მეორე - სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალიდან „112“-ში გამოძახება და შემდგომ ნარკოტიკული ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში გადაყვანის რაოდენობა გაიზარდა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში, იყო 48. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იყო, განეხორციელებინა ეს ნაბიჯები“.
"- განაცხადა გახარიამ.


ბეჭდვა