დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ხალხს შორის კედელი არასდროს
ყოფილა და მას ვერავინ აღმართავს.
ამის შესახებ კალაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად მივიდა.
„ჩვენ და ხალხს შორის, ჩვენ და ახალგაზრდებს შორის არასდროს ყოფილა კედელი და ვერავინ ვერ აღმართავს ამ კედელს. ჩვენ ვართ უშუალო ადამიანები, გვაქვს უშუალო კომუნიკაცია.
ჩვენ გვაქვს იმის მზაობა, რომ პრობლემები, რომლებიც არსებობს, იყოს მოგვარებული, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი თაობა, ყველა ერთად ვიბრძოლებთ ნარკოტრეფიკის წინააღმდეგ“- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრებმა აქცია გამართეს. მათი პროტესტი 12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ აქციებს ეხებოდა. პარალელურად გაიმართა კონტრაქცია, რომელიც „ქართული მარშის“ ორგანიზებით ჩატარდა.
