კარალეთის ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული „ქართული ოცნების” გორის რაიონული ორგანიზაციის წევრი ზაქარია ადუაშვილი უსაფუძვლოდ
გაასამართლეს. ამის შესახებ „ნიუსპრესს კოალიცია „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამაზ შიოშვილმა განუცხადა.
„ადუაშვილი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააპატიმრეს. კადრებში კარგად ჩანს, რომ მას კარალეთში მომხდარ ჩხუბში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია”- განაცხადა შიოშვილმა.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შორენა წიქორიძემ გუშინ ადუაშვილს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა და 500 ლარიანი ჯარიმაც დააკისრა.
სამათალდამცავებმა ზაქარია ადუაშვილი 14 ივნისს საკუთარ სახლთან დააკავეს.
პოლიციამ სოფელ კარალეთში 11 ივლისს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრისას მომხდარი დაპირისპირების მონაწილე ხუთი პირი დააკავა.
როგორც პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებულები და დაკავებულები არიან - ცოტნე შენგელია, კახა გოგიაშვილი, ვლადიმერ ჯანეზაშვილი, გიორგი გოჩაშვილი.
ასევე, დაკავებულია ლევან მაისურაძე, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტსა და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს საბა წიწიკაშვილს.
გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე დაკავებულს 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა უკვე მიუსაჯა.
11 ივლისს „ქართული ოცნების“ წერვებსა და ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც 13 ადამიანი დაშავდა, აქედან 10 ჟურნალისტია.
