თბილისის საქალაქო სასამართლო შპს „ელიტა ბურჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შპს ,,ელიტა ბურჯი” სასამართლომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა1” და ამავე ორგანული კანონის 34/2 მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის სცნო სამართალდამრღვევად.
განცხადების თანახმად, „ელიტა ბურჯს“ სახდელის სახით აკრძალული შემოწირულობის - 679 487 ლარის და 94 თეთრის ხუთმაგი ოდენობის 3 397 439 ლარის და 70 თეთრის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
„სასამართლომსახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შპს ,,ელიტა ბურჯის” მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი და ამავე სამსახურის გადაწყვეტილების დადასტურების საკითხი განიხილა, რომლითაც შპს ,,ელიტა ბურჯის” კუთვნილ უძრავ-მოძრავ ქონებას და საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო“- ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლომ დადგინა, რომ შპს ,,ელიტა ბურჯმა” პოლიტიკური კოალიაცია ,,ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების საჭიროებისთვის პოლიტიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი ნივთების, კერძოდ, ბრენდირებული მაისურების, ლოგოდატანებული კეპების, კაშნეებისა და სხვადასხვა ტიპის მასალების დასამზადებლად, ასევე, სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევის მიზნით 2012 წელს 2 ერთეული ოფსეტური ბეჭდვის აპარატი შეიძინა.
განცხადების თანახმად, ბეჭდვის აპარატები - 679 487. 94 ლარის ღირებულებისაა, რომლითაც კომპანიამ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს მომსახურება გაუწია და რითაც მათ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობა განახორციელა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „ელიტა ბურჯის“ საბანკო ანგარიშებისა და უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ელიტა ბურჯის“ დაჯარიმების გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
