საქალაქო სასამართლომ შპს „ელიტა ბურჯი“ 3,4 მილიონი ლარით დააჯარიმა
საქალაქო სასამართლომ შპს „ელიტა ბურჯი“ 3,4 მილიონი ლარით დააჯარიმა
13:47 14.07.2012
თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს „ელიტა ბურჯი“ 3,4 მილიონი ლარით დააჯარიმა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ განუცხადა,  სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა.
მისი თქმით, სასამართლომ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება კომპანიის მიერ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ გაწეული მომსახურების გამო მიიღო და უკანონო შემოწირულობების თანხა არა მომსახურების ღირებულებით, არამედ ბეჭდვის აპარატების ღირებულებით გამოითვალა.
ბარამიძის განმარტებით, „ელიტა ბურჯი“ საბეჭდი აპარატების ღირებულების ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს „ელიტა ბურჯი“ სამართალდამრღვევად სცნო და მის საბანკო ანგარიშებსა და უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა დაადო. ამის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, დოკუმენტაციის შესწავლის დროს დადგინდა, რომ კომპანიამ „ქართული ოცნების“ მომსახურების მიზნით, მიმდინარე წელს ორი ერთეული ოფსეტური ბეჭდვის აპარატი შეიძინა, რომლის ღირებულება 679.487.94 ლარს შეადგენს.
მათივე ინფორმაციით, შპს „ელიტა ბურჯს“ პოლიგრაფიული და მასთან დაკავშირებული საქმიანობა წარსულში არ განუხორციელებია. შესაბამისად, შესაბამისი დანადგარები და აღჭურვილობა კომპანიის მიერ საგანგებოდ პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობის მხარდასაჭერადაა შეძენილი.

ბეჭდვა