„არჩევანის თავისუფლებისთვის“ კარალეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე საჯარო მოხელეების დასჯას ითხოვს
„არჩევანის თავისუფლებისთვის“ კარალეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე საჯარო მოხელეების დასჯას ითხოვს
13:34 13.07.2012
კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ კარალეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე საჯარო მოხელეების უმკაცრეს დასჯას ითხოვს. ამის შესახებ „არჩევანი თავისუფლებისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„კოალიციის წევრები შეშფოთებას გამოვთქვამთ 12 ივლისს, კარალეთის დევნილთა დასახლებაში ხელისუფლების მხარდამჭერებსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგნლებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო“ - აღნიშნავს კოალიცია.
ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დაპირისპირებაში პარლამენტარ ბადრი ბასიშვილთან დაახლოებული საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალებიდან ნათლად ჩანს, რომ დაპირისპირებაში ყველაზე მეტად სწორედ საჯარო მოსამსახურეები აქტიურობდნენ. გამოკვეთილი აგრესიით კი, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი ლევან მაისურაძე გამოირჩეოდა. ჟურნალისტ საბა წიწაკაშვილის ცემაში კი, ბასიშვილთან დაახლოვებული საჯარო პირები გიგი და გოგიტა გოჩაშვილები მონაწილეობდნენ.
ამასთან, როგორც კოალიცია „არჩევანი თავისუფლებისთვის“ განცხადებაშია აღნიშნული ფიზიკურად გაუსწორდნენ საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-სა და „მე-9“ არხის ჟურნალისტებსაც.
როგორც დაზარალებულთა ადვოკატებისგან გახდა ცნობილი, კლინიკაში მობილიზებულმა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ექიმებზე ზეწოლა განახორციელეს, რის შემდეგაც დაზარალებულები საავადმყოფოდან ფორმა N100-ის გარეშე გაწერეს.
„ხაზგასმით ვაცხადებთ,რომ კარალეთის ინციდენტითა და სხვა ამგვარი ფაქტებით ქვეყანა ნორმალურ საარჩევნო პროცესს თანდათან სცილდება და მაქსიმალურად ძაბავს ვითარებას. არავის, მით უფრო, საჯარო მოხელეს, არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს რომელიმე პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრების ჩატარებას მოსახლეობასთან. ბოლო დღეებში კარალეთსა და შიდა ქართლის რეგიონში კოალიცია „ქართული ოცნების” მოსახლეობასთან გამართულ სხვა შეხვედრებზე მომხდარი ინიციდენტები, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, რომლებშიც, მათ შორის, მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის აქტივისტები, არის საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაული“ - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
ამასთან. კოალიციის წევრები შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯონ.
„მოვუწოდებთ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და ყველა სხვა პოლიტიკურ ძალას, არ დაუშვას საკუთარი აქტივისტების მხრიდან კონკურენტი პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო აქციებზე დაპირისპირებების პროვოცირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენები ამგვარმა განვითარებამ შესაძლოა, საარჩევნო პროცესის სრული პარალიზება გამოიწვიოს“ - ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა