სახალხო დამცველი სოფელ კარალეთში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრისას მომხდარ ინცინდენტზე ახსნა-განმარტებებისა და ინფორმაციის მოპოვებას განაგრძობს.
ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორის რაიონის სოფელ კარალეთში, მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ შეხვედრისას ინციდენტი მოხდა. მოქალაქეთა ჯგუფმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილე და ჟურნალისტი დაშავდა. მათივე ინფორმაციით, გორის საავადმყოფო „გორმედში“ აქციის დაახლოებით 13 მონაწილე სხვადასხვა დაზიანებით მოათავსეს.
„ომბუდსმენის წარმომადგენელი დაშავებულ ჟურნალისტებს დაუკავშირდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არიან სააგენტო „ინფო-9“-ის წარმომადგენლები თამთა ილურიძე, ეკა ილურიძე, შორენა ხაბალაშვილი, რეზო ნადირაძე და ლექსო ალექსიძე, ასევე, „მე-9 არხის“ ჟურნალისტები - ნუკრი ბეგლარაშვილი და ნოდარ სხირტლაძე, ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ წარმომადგენლები ნინო ბოლაშვილი და მამუკა ქევხიშვილი და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი“- ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ჟურნალისტთა ზეპირი განმარტებით, ნაწილს დაზიანებული აქვს ტექნიკა.
გავრცელებული ინფორმაცით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გიორგი ტუღუში სამართალდამცავ ორგანოებს სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირების მიზნით სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებების დაუყოვნებლივ გატარებისკენ მოუწოდებს.
კარალეთში გუშინ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ჩასვლას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიციის გორის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
კოალიციის ლიდერები და წარმომადგენლები დევნილთა დასახლებაში ჩავიდნენ და დევნილებთან შეხვედრას გეგმავდნენ, თუმცა, როგორც კი ისინი ავტომანქანებიდან გადმოვიდნენ, მათ ქვები დაუშინეს. კარალეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები სოზარ სუბარი და კახი კალაძე იმყოფებოდნენ.
