ჭიათურის მაღაროში გვირაბის ნგრევას 45 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ჭერიდან დიდი ზომის ლოდები ჩამოიშალა, რომელიც მუშას დაეცა.
„ჩამოინგრა სამთო მასა , სადაც მუშაობდნენ მაღაროელები. ერთ-ერთი მაღაროელი დიდი ლოდის ქვეშ მოჰყვა. გვირაბ გამყვანის პოზიციაზე მომუშავე მაღაროელი დაიღუპა.
სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, იმდენად დიდია ის ლოდი, რომ რეფერატორები შეიტანეს რომ მის დასაშლელად, რომ მის ქვეშ მოყოლილი გამოიყვანონ. მაღაროელები ამბობენ, რომ უბანი, რომელზეც მუშაობდნენ ავარიული იყო, მაგრამ ადმინისტრაცია ავალდებულებდა იქ მუშაობას.
მეორე ფაქტორია, რომ სამთო სამუშაობის შესახებ წესებში წერია, რომ არ შეიძლება იმ ადგილას მუშაობა სადაც მაღარო გამაგრებული არ არის, „-განაცხადა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა თამაზ დოლაბერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
