ადვოკატი პროკურატურის მტკიცებულებებს - „მაესტროსა“ და „ელიტა ბურჯის“ კავშირზე, ნაკლებად სარწმუნოს უწოდებს
ადვოკატი პროკურატურის მტკიცებულებებს - „მაესტროსა“ და „ელიტა ბურჯის“ კავშირზე, ნაკლებად სარწმუნოს უწოდებს
18:45 12.07.2012
ადვოკატი მერაბ ბარბაქაძე პროკურატურის მიერ წარდგენილ ტელეკომპანია „მაესტროსა“ და შპს „ელიტა ბურჯის“ კავშირის დამადასტურებელ მტკიცებულებებს  ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევს.

როგორც „ნიუსპრესს“ ბარბაქაძემ განუცხადა, პროკურატურის ბრალდება იმის შესახებ, რომ ანტენების განბაჟებას ახორციელებდა არა შპს „მაესტროს", არამედ, შპს „ელიტა ბურჯის" წარმომადგენელი, სხვა გარემოებებზე მიუთითებს.

„რამდენადაც ვიცი, „ელიტა ბურჯს“ არანაირი კავშირი არ აქვს „მაესრტოსთან“. ჯერ ერთი, „ელიტა ბურჯი“ მომსახურებას უამრავ კომპანიას უწევს, მეორე - განბაჟებას საბაჟოზე კონკრეტული აგენტები ახორციელებენ და შესაძლოა, ერთი აგენტი რამდენიმე კომპანიასაც ემსახურებოდეს“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ადვოკატმა.

მისივე თქმით, პროკურატურის არც ის ბრალდებაა სარწმუნო, რომლის თანახმად, ტვირთის ნაწილს, რომელიც საბაჟო დოკუმენტების თანახმად, „მაესტროს“ საკუთრება იყო, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" ეტიკეტები ჰქონდა.

ადვოკატის განმარტებით, კომპანიებმა „მაესტრომ“ და „გლობალ ტვ“-მ ანტენები ერთი და იმავე მწარმოებლისგან შეიძინეს.
„როდესაც შეკვეთას აუქმებენ, კომპანიას კი, დიდი რაოდენობით საქონელი უკვე დამზადებული აქვს, ის მას უფრო იაფად გაყიდის და თუ „მაესტროს“ შეძენის შესაძლებლობა ექნებოდა, რატომაც არა. ლილოს ბაზრობაზე ყველა სატელიტურ თეფშს სხვადასხვა რამ აწერია, ზოგს „ნექსთ სთარი“, ზოგს „აიეტი ტვ“. ისინი ჩვეულებრივ იყიდება ბაზრობაზე და ხალხიც ყიდულობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მათი აბონენტები არიან“ -აღნიშნა ბარბაქაძემ.

მთავარმა პროკურატურამ ტელეკომპანია „მაესტროსა“ და შპს „ელიტა ბურჯის“ კავშირის დამადასტურებელ მტკიცებულებები დღეს გამოაქვეყნა.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს, რომელთა მიხედვით, შპს „მაესტრომ" პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია - შპს „ელიტა-ბურჯის" წარმომადგენელთა მითითებით, თვალთმაქცური გარიგებების გზით, საქართველოში ათასობით სატელიტური ანტენა შემოიტანა, რომელიც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ უკვე აპრობირებული სქემით უნდა დარიგებულიყო.

პროკურატურამ სასამართლოს ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღების მოთხოვნით გუშინ მიმართა.
მიმდინარე წლის 20 ივნისს კი, ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დაწყებული გამოძების ფარგლებში, პროკურატურამ შპს „ელიტა-ბურჯისა" და სხვა კომპანიების საწყობებში არსებული ანტენები დააყადაღა.

ბეჭდვა