შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურ ძალებსა და მოქალაქეებს მაქსიმალურ თავშეკავებას ურჩევს.
ამის შესახებ კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს სოფელ კარალეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და პოლიცია მომხდარში მონაწილე პირთა იდენტიფიცირებას ახდენს“ - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება. ნებისმიერი მოქალაქის ქმედება მოქცეული უნდა იყოს კანონის ფარგლებში“ - ნათქვამია განცხადებაში.
კოალიციის გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამაზ შიოშვილის თქმით, კარალეთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ჩასვლას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
მისი თქმით, კოალიციის ლიდერები და წარმომადგენლები დღეს დევნილთა დასახლებაში ჩავიდნენ და მათთან შეხვედრას გეგმავდნენ, თუმცა, როგორც კი, ისინი ავტომანქანებიდან გადმოვიდნენ, მათ ქვები დაუშინეს. არიან დაშავებულები, მათ შორის, ჟურნალისტები.
