გორის რაიონის სოფელ კარალეთში მომხდარ ინციდენტს კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე ხელისუფლების
მხრიდან მოწყობილ მორიგ პროვოკაციას უწოდებს და მის სასწრაფო გამოძიებას მოითხოვს.
ამის შესახებ მან კოალიცია „ქართული ოცნების“ გორის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„კარალეთში მომხდარი ინციდენტი იმ დანაშაულთაგანია, რომელსაც კრიმინალური ხელისუფლება უკვე წლებია სჩადის. ის, რაც მოხდა სოფელ კარალეთში არაფერია, თუ არა მშვიდობიანი აქციისთვის ხელის შეშლა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევა, ეს გახლავთ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია“ - განაცხადა კობახიძემ.
მისი ინფორმაციით, ინციდენტის დროს დაზიანდა სააგენტო „ინფო9“-სა და კახი კალაძის ავტომობილები.
გორის რაიონის სოფელ კარალეთში დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ჩასვლას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიციის გორის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს.
კოალიციის ლიდერები და წარმომადგენლები დღეს დევნილთა დასახლებაში ჩავიდნენ და დევნილებთან შეხვედრას გეგმავდნენ, თუმცა, როგორც კი ისინი ავტომანქანებიდან გადმოვიდნენ, მათ ქვები დაუშინეს.
სოფელ კარალეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები სოზარ სუბარი და კახი კალაძე იმყოფებოდნენ.
