საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, „რუსთავი 2“-ის ოფისის ეზოში
დაპირისპირებისას დაკავებულ 6 პირს ბრალი დღეს წარედგინება.
ამის შესახებ შოთაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამ ეტაპზე დაკავებულია ბრალდებულის სახით 6 პიროვნება, ბრალდების წარდგენა მოხდება დღეს, რის შემდეგაც პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით.
ამ ეტაპზე მე სამართლებრივი შეფასებისგან თავს შევიკავებ, როგორც იცით კონკრეტული პირები არიან ბრალდებულს სახით დაკავებული. ახლაც მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მოხდება ყველა მტკიცებულებების შეფასება და მოხდება პირველადი ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრა.
რა თქმა უნდა, ეს იქნება პირველადი ბრალი. გამოძიება გაგრძელდება და ის შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გამოიკვეთება თითოეული პირის მხრიდან, რა თქმა უნდა, ასახული იქნება ჩვენი ბრალდების დადგენილებაში. საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები რა თქმა უნდა, მიიღებენ ადექვატურ ზომებს, რათა მოხდეს ყველა შესაძლო დანაშაულის პრევენცია,“ - აცხადებს ირაკლი შოთაძე.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებზე, კერძოდ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასა და იურისტ თამთა მურადაშვილზე თავდასხმა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაშავდა ასევე სპორტული ჟურნალისტი დავით ერაძე. დაპირისპირების მიზეზი გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" ეთერში გასულ სიუჟეტამდე წამყვანის საკადრო ტექსტი გახდა.
