საქართველოს მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია „მაესტროსა“ და შპს „ელიტა ბურჯის“ კავშირის დამადასტურებელ მტკიცებულებებს აქვეყნებს.
პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები აქვს, რომელთა მიხედვით, შპს „მაესტრომ" პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია - შპს „ელიტა-ბურჯის" წარმომადგენელთა მითითებით, თვალთმაქცური გარიგებების გზით, საქართველოში ათასობით სატელიტური ანტენა შემოიტანა, რომელიც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ უკვე აპრობირებული სქემით უნდა დარიგებულიყო.
„გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, სატელიტური ანტენების რეალური მესაკუთრის დაფარვის მიზნით, შპს „ელიტა ბურჯი" მზად იყო ანტენების ეტიკეტების ხელახლა დასამზადებლად და შესაფუთად გადაეხადა რამდენიმე ასეული ათასი ამერიკული დოლარი, რათა არ გამჟღავნებულიყო რეალური მესაკუთრის - „ელიტა ბურჯის", „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" შესახებ მონაცემები. თუმცა, აღნიშნული სქემის განხორციელება სრულად ვერ მოხერხდა და ტვირთის ნაწილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტების თანახმად „მაესტროს“ საკუთრებაა, ეტიკეტების მიხედვით, ისევ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს" ეკუთვნის“ - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ საბაჟოსთვის გადაცემული დოკუმენტების მიხედვით, „მაესტროს“ მიმწოდებელი იგივე თურქული კომპანიაა, რომელმაც ანტენები შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს" მიაწოდა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებამ ასევე დაადასტურა, რომ განბაჟების პროცესს ახორციელებდა შპს „ელიტა ბურჯის" რამდენიმე წარმომადგენელი და არა შპს „მაესტროს" შესაბამისი პირი, რაც პროკურატურის განცხადებით, ასევე, დამატებით ადასტურებს გარიგებების თვალთმაქცობას.
„ნათელია, რომ მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა არა შპს „მაესტრო", არამედ შპს „ელიტა ბურჯი". სწორედ ამიტომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული პროცედურის დაცვით, საქართველოს პროკურატურამ დააყადაღა სატელიტური ანტენები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე“- აცხადებენ პროკურატურაში და განმარტავენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით გრძელდება.
პროკურატურის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ სატელიტური ანტენების იმპორტს თვალთმაქცური გარიგებების მეშვეობით ახორციელებს შპს „მაესტრო“, რომელმაც შპს „ელიტა ბურჯი" და სხვა კომპანიები ჩაანაცვლა.
პროკურატურამ სასამართლოს ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღების მოთხოვნით გუშინ მიმართა.
მიმდინარე წლის 20 ივნისს კი, ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დაწყებული გამოძების ფარგლებში, პროკურატურამ შპს „ელიტა-ბურჯისა" და სხვა კომპანიების საწყობებში არსებული ანტენები დააყადაღა.
