საია საზოგადოებრივ მაუწყებელს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების შესრულებისკენ მოუწოდებს
საია საზოგადოებრივ მაუწყებელს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების შესრულებისკენ მოუწოდებს
14:49 12.07.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლს მოუწოდებს ვაზაგაშვილის შესახებ გასულ სიუჯეტთან დაკავშირებით, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება შეასრულოს.

ამის შესახებ ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„2012 წლის 10 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე განმარტება გაკეთდა. განცხადების თანახმად, „კორტებთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არსებობს პროკურატურის 2007 წლის 19 აპრილის დადგენილება, რომელშიც ნათქვამია – „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ყაჩაღური თავდასხმის მომზადების ფაქტზე ვაზაგაშვილის, ხუბულოვის, ფუთურიძის წინააღმდეგ. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შეიარაღებული იყვნენ” - ეს ფორმულირება პროკურატურის ოფიციალური შეფასებაა ამ ფაქტთან დაკავშირებით“ - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

ორგანოზაციის განცხადებით, „მოამბე“ ეყრდნობა ოფიციალურ წყაროებს და თავად არ აძლევს კვალიფიკაციას ამა თუ იმ პირის ქმედებას“. 2012 წლის 2 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 16:00 საათიან ,,მოამბეში“ მომზადდა სიუჟეტი, რომელიც მიეძღვნა ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით კორტებთან მისი ახლობლებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეკრებას. სიუჟეტში აღინიშნა, რომ ,,ვაზაგაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით, ზურა ვაზაგაშვილის მშობლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში წარადგინეს საჩივარი და ამ ინფორმაციის უარყოფა მოითხოვეს. 2012 წლის 9 ივნისს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ იური ვაზაგაშვილისა და ციალა შანავას სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა.

თუმცა, საიას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2012 წლის 10 ივლისს 16:00 საათიან „მოამბეში“ გასული სიუჟეტით საბჭოს გადაწყვეტილება არ შესრულდა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს პოზიციისადმი პატივისცემას და მოვუწოდებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ზუსტად შეასრულოს თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილება“ - აღნიშნულია საიას განცხადებაში.



ბეჭდვა