სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მოქალაქე გიორგი ქავთარაძის ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყებას სთხოვს
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მოქალაქე გიორგი ქავთარაძის ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყებას სთხოვს
11:06 12.07.2012
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას მოქალაქე გიორგი ქავთარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვს.  ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, 4 ივლისს სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა და გაესაუბრა ზუგდიდის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფო - „რესპუბლიკაში“ მოთავსებულ მოქალაქე გიორგი ქავთარაძეს.
მათი ინფორმაციით, ქავთარაძე 3 ივლისს, მეგობრებთან ერთად სოფელ ანაკლიაში, საზაფხულო ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ღამის გათენება ჰქონდათ გადაწყვეტილი.
„ქავთარაძის გადმოცემით, ღამის საათებში მათთან პოლიციის ავტომობილი მივიდა, საიდანაც სამი პიროვნება გადმოვიდა. ერთ–ერთმა პოლიციელმა მას ავტომობილის საბუთები და მართვის მოწმობა მოსთხოვა. საბუთების წარდგენის შემდეგ, ქავთარაძეს ალკოჰოლის ტესტის გავლა მოსთხოვეს, რის შემდეგაც იგი მეგობრებთან ერთად პოლიციის ავტომანქანაში ჩასვეს და ანაკლიის პოლიციაში გადაიყვანეს“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ქავთარაძე და მისი თანმხლები პირები ერთ ოთახში მოათავსეს. ქავთარაძემ პოლიციელს სთხოვა, არ დაეკისრებინა მისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა, ვინაიდან მას ადმინისტრაციული სახდელი ადრე უკვე ჰქონდა დაკისრებული.
„აღნიშნულის გამო პოლიციის თანამშრომელმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, ხელი გაარტყა მარცხენა წარბის არეში, რის შემდეგაც ქავთარაძემ თავბრუსხვევა იგრძნო. ქავთარაძის თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მის მეგობრებსაც მიაყენეს“ - აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გიორგი ქავთარაძეს მომხდარი ფაქტის შემდეგ მეტყველება უჭირს.
მათივე განცხადებით, სამედიცინო ბარათში გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით, გიორგი ქავთარაძეს სამედიცინო ნაწილში შესვლისას ნევროზული მდგომარეობა, თავისა და გულმკერდის არეში ნაკაწრი ჭრილობები აღენიშნებოდა. მას მედიკოსებმა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს.

ბეჭდვა