„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სასამართლოს „მაესტროს“ ანტენების დაყადაღების მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სასამართლოს „მაესტროს“ ანტენების დაყადაღების მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდებს
10:56 12.07.2012
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს და  მთავარ პროკურატურას „მაესტროს“ მიერ იმპორტირებული სატელიტური ანტენების დაყადაღების აუცილებლობის მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდებენ.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი, სატელიტური თეფშების დამონტაჟების აღკვეთა, რომლის გავრცელებაც მაესტროს განცხადებით, მის მფლობელთა დაფინანსებით მოხდება, შესაძლოა, საზოგადოების მიერ მედიის ხელმისაწვდომობის საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯად იქნეს აღქმული.
განცხადების თანახმად, მედიის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება პროპორციული უნდა იყოს და მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს. ასევე, ნათლად და საჯაროდ უნდა განიმარტოს რატომ არის „მაესტროს“ მიერ თეფშების გავრცელება ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვა.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, „მაესტროს“ მიერ ანტენების დისტრიბუციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა და შესაბასმისად, აქციის პირობები ცნობილი არ არის. 3 ივლისს მაესტროს დირექტორმა ილია კიკაბიძემ განაცხადა: „ხელშეკრულებაზე ჩვენი იურისტები მუშაობენ. ახლა არ შემიძლია გითხრათ, კონკრეტულად რა ეღირება ეს თეფშები, ან რა პირობები იქნება, მაგრამ გადასახადს ძალიან მინიმალურს, სიმბოლურ თანხას დავაწესებთ“ - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ განმარტავენ, მთავარი პროკურატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, პროკურატურამ სასამართლოს თეფშების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართა, რადგანაც გამოძიების ფარგლებში დაადგინეს, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტრომ" საქართველოში დიდი ოდენობით ანტენები შემოიტანა.
„მაესტროს“ თეფშების დაყადაღების სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ პროკურატურამ განცხადება გუშინ გაავრცელა.
განცხადების თანახმად, საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ აღნიშნული ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან წინაასარჩევნო პროცესების დაცვას და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ბეჭდვა