შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, სოფელ ახალდაბის მკვიდრი გიორგი კარელიძე დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ტელეკომპანია „ინფო9"-ს ვებ-გვერდის დათვალიერებისას დადგინდა, რომ სოფელ ახალდაბაში ოპერატორსა და ადგილობრივ მკვიდრ გიორგი კარელიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც კარელიძემ ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ვიდეო-კამერაზე ხელი მიარტყა.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ქმედებით კარელიძემ წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შსს-ს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი კარელიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს.
დაკავებული გორის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც იგი აღნიშნული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით - 100 ლარის ოდენობით დაჯარიმდა.
