„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის ქმედებაში წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსებისა და თანამდებობის
ბოროტად გამოყენების საგანგაშო ტენდენციას ხედავს. ამის შესახებ „გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორმა გურჯაანის საკრებულოს წევრებსა და სოფლის რწმუნებულებს ადგილობრივი წარმოშობის ავტორიტეტული პიროვნებების საარჩევნოდ მობილიზაცია დაავალა, რომლებმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მინიმუმ ათი მხარდამჭერი უნდა მიიყვანონ არჩევნებზე.
„ჩვენი წყაროს ცნობით, ივნისის ბოლოს იგი გურჯაანის მუნიციპალიტეტში თავის სოფელს სტუმრობდა. ამასთანავე, სოფლის რწმუნებული მივიდა და უთხრა, რომ საარჩევნოდ იმ ხალხის მობილიზაციას ახდენდნენ, ვინც ამ სოფლიდანაა წარმოშობით და საჯარო სამსახურში მუშაობის გამო, სოფელში ავტორიტეტითაც სარგებლობს. რწმუნებულის თქმით, ეს პიროვნებები წინასაარჩევნოდ რამდენიმე დღით ადრე სოფელში უნდა იყვნენ და არჩევნებზე მინუმუმ ათი ისეთი ადამიანი მიიყვანონ, რომლებიც ხმას აუცილებლად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემენ“- ნათქვამია განცხადებაში.
„გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, აღნიშნული სამსახურის სანაცვლოდ, მათ ერთკვირიან ანაზღაურებად შვებულებას ჰპირდებიან.
„რწმუნებულმა ჩვენს წყაროს ასევე განუცხადა, რომ ეს დავალება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა და ვიცე-გუბერნატორმა გოგიტა სიბაშვილმა უშუალოდ მისცეს. მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედებები ერთდროულად რამდენიმე კანონს და მნიშვნელოვან პრინციპს არღვევს“ - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები.
მათი ინფორმაციით, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პარტიული დავალებების მიმცემი საჯარო მოხელეები „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლს არღვევენ, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული საქმიანობისთვის გამოიყენოს”.
„შესაბამისად, დამრღვევ პირზე ამავე კანონის 79-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა გატარდეს. ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში, შესაძლებელია, სახეზე სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებიც იყოს. კერძოდ, „სისხლის სამართლის კოდექსის” 332-ე მუხლის თანახმად, დასჯადია საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც მოხელის მიერ საკუთარი საჯარო უფლებამოსილების გამორჩენისთვის გამოყენებას გულისხმობს“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი თანამდებობის პირის მიერ საარჩევნო მიზნებისთვის თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებას კრძალავს. ამასთანავე, ერთკვირიანი ანაზღაურებადი შვებულების დაპირებით სახელმწიფოს ფინანსური რესურსების არამიზნობრივი - პარტიული მიზნებისთვის გამოყენება ხდება, რაც ასევე, კანონშეუსაბამოა და პოლიტიკური გაერთიანების სასარგებლოდ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას აღნიშნული ფაქტის შესწავლისკენ და შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
