აუდიტის სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პედაგოგებთან შეხვედრების დაფინანსების საკითხში დარღვევები ვერ აღმოაჩინა
აუდიტის სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პედაგოგებთან შეხვედრების დაფინანსების საკითხში დარღვევები ვერ აღმოაჩინა
18:12 11.07.2012
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის“ მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პარტიის წევრებისა და პედაგოგების დახურული შეხვედრების ორგანიზების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ინფორმაციის წარდგენა დაევალა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის გადამოწმება და შედარება მოხდა კომერციული ბანკებიდან გამოთხოვილ ინფორმაციასთან და თავად პარტიის მიერ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციასთან. იგი პარტიის მიერ მიღებული და გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე მოიცავდა.

„მიღებული დეტალური ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და პედაგოგების შეხვედრების ორგანიზების დაფინანსება განხორციელდა თავად პარტიის ბიუჯეტიდან. მათ მიერ შეხვედრებისა და კონფერენციების ჩასატარებლად დაქირავებული დარბაზებისთვის გადახდილი თანხები ასახულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ დეკლარაციაში, რომელიც მოიცავს პარტიის მიერ მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას“- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ სულ ხელშეკრულებები გაფორმებულია 5 500 ლარის ღირებულების მომსახურებაზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, გაწეული ხარჯი უკვე ასახულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ მარტი-აპრილი-მაისის საანგარიშგებო პერიოდის ამსახველ დეკლარაციაში.

ბეჭდვა