კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი შალვა თადუმაძე მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო
მის მიერ განხორციელებული ქმედებებით, დანაშაულს სჩადის.
როგორც თადუმაძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, დანაშაულებრივი ქმედებები სააღსრულებომ მესამე პირის ქონებაზე - „ქართუ ჯგუფზე“ სააღსრულებო წარმოებით დაიწყო.
„მისი ნებისმიერი ქმედება აღნიშნულ ქონებაზე - იქნება ეს იძულებითი თუ ნებაყოფლობითი ღონისძიებები, მმართველის დანიშვნა, თუ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა - იმ დანაშაულის გაგრძელებაა, რომელიც მან ჩაიდინა, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილის სახდელის უზრუნველსაყოფად, მესამე პირების ქონება გამოიყენა“- გაუცხადა „ნიუსპრესს“ თადუმაძემ და აღნიშნა, რომ „ქართუ ჯგუფი“ არ არის მოვალის საკუთრება.
„შესაძლოა, შემამსუბუქებელი გარემოებები ჰქონდეს, მაგრამ სააღსრულებო სჩადის კრიმინალს. თუ საქალაქო სასამართლო მის შუამდგომლობას დააკამაყოფილებს, ბუნებრივია, იგი გახდება სააღსრულებოს დანაშაულის თანამონაწილე“- განაცხადა თადუმაძემ.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანის შუამდგომლობით მიმართა.
აღსრულების ბიუროში განმარტავენ, რომ იძულებითი მართვა აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორის ეტაპობრივად დაკმაყოფილებას გულისხმობს. იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე, იძულებითი მმართველი სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება რჩება მოვალის საკუთრებაში.
მათივე ცნობით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანის მოითხოვნით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმართა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. შესაბამისად, აღრუსების ბიურომ „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% და „პროგრეს ბანკის“ 21.7% აუქციონზე გაიტანა, რომელიც გუშინ დასრულდა და რომელზეც აღნიშნული ქონება არ გაიყიდა.
ბიძინა ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით, 75 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რომლის გადახდასაც იგი არ აპირებს.
