„პროგრეს ბანკში“ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ აქციათა 21,7% საჯარო აუქციონზე არ გაიყიდა.
მისი საწყისი ფასი 1 მლნ 783 ათას 249 ლარს შეადგენდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს წესდებით, თუ სააღსრულებო წარმოება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მიმდინარეობს და პირველ აუქციონზე გამარჯვებული არ გამოვლინდა, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ამ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით მარეგისტრირებელ ორგანოს გადაეგზავნება.
თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო განმეორებით აუქციონს ჩაატარებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 26 ივნისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“ და აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“.
ბიძინა ივანიშვილს სასამართლომ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზეზით, 75 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
