რატი იონათამიშვილი: ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ
რატი იონათამიშვილი: ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ
12:43 20.02.2018
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების მიმართულებით მოქალაქეებთან შეხვედრას განაგრძობს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლს, დეა გოშხეთელიანს შეხვდა და ოჯახური ძალადობის საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი რეგიონებში ქალთა უფლებების მდგომარეობას და ზოგადად, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსაც შეეხო.

„ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა, რომ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად გადავდგათ ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები. პარლამენტმა გასულ წელს მოახდინა სტამბოლის კონვენციის - „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ რატიფიცირება, რაც იყო ძალიან სერიოზული ნაბიჯი, როგორც ჩვენი თანამოქალაქეების, ისე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.

ამ მიმართულებით, სულ უფრო მეტად აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი ხაზი ადამიანის უფლებათა დაცვის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმების შექმნას გულისხმობს.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ის ადამიანები, ვინც გრძნობენ თავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლად, იყვნენ აქტიურები და არ დამალონ მსგავსი დანაშაული. მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია საერთო პროცესში. ამით ჩვენ შევძლებთ, როგორც დამდგარი ფაქტების წინაშე მყისიერ რეაგირებას, ასევე, უზრუნველვყოფთ პრევენციისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები მინიმუმამდე დავიდეს“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.



ბეჭდვა