საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებენ.
ამის შესახებ საია-ს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის მამის იური ვაზაგაშვილისა და ციალა შანავას სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა.
საია-ს ინფორმაციით, 2 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 16:00 საათიან ,,მოამბეში“ მომზადდა სიუჟეტი, რომელიც ზურა ვაზაგაშვილის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით, კორტებთან მისი ახლობლებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეკრებას მიეძღვნა.
„გადაცემაში დეტალურად იყო განხილული 2006 წლის 2 მაისს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ზურაბ ვაზაგაშვილი გარდაიცვალა. სიუჟეტში აღინიშნა, რომ ,,ვაზაგაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო“- აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში საჩივარი წარადგინეს და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა მოითხოვეს.
„13 ივნისის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, იური ვაზაგაშვილისა და ციალა შანავას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობის შესაბამისად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სააპელაციო ორგანოში - სამეურვეო საბჭოში გასაჩივრდა“ - აცხადებენ საია-ში.
მათივე თქმით, სამეურვეო საბჭომ მიიჩნია, რომ „მოამბის“ ეთერით გასულ სიუჟეტში ფრაზით - „ვაზაგაშვილი შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო“ ჯეროვანი სიზუსტე იყო დარღვეული.
საია-ს ინფორმაციით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ გაშუქება დაევალა.
საია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას მიესალმება და იმადოვნებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მედიაში უდანაშაულობის პრეზუმფციის სტანდარტის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
