თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფონდი „ქომაგისა“ და მისი შემომწირველის ბიძინა გიორგობიანის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
დღეს გამართულ სხდომაზე ფონდი „ქომაგისა“ და ბიძინა გიორგობიანის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა საქმეში მტკიცებულებების ჩამატების შუამდგომლობა დააყენა.
ადვოკატის თქმით, საქმეს უნდა დაერთოს ის დოკუმენტები, საიდანაც დასტურდება, რომ „ქომგის“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა არა ბიძინა გიორგობიანის პირადი ანგარიშიდიან, არამედ, გერმანული ფონდის „აღმოსავლეთ ევროპა მედია და საზოგადოებას“ ანგარიშიდან.
ადვოკატმა წარადგინა ამონაწერი საერთაშორისო საბანკო ანგარიშიდან და ასევე, საგადასახადო დავალება.
მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დოკუმენტი საქმის მასალებს დაურთო.
ადვოკატის თქმით, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებდა იმას, რომ ქომაგის ანგარიშზე ბიძინა გიორგობიანმა თანხა გადარიცხა როგორც ფონდ „აღმოსავლეთ ევროპა მედია და საზოგადოება“-ს უფლებამოსილი პირის სახელით.
მოსამართლე მანანა ჩოხელმა უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27 მაისის დადგენილება, რომლის თანხმად, გიორგობიანი ფონდში გადარიცხული 90 ათასი ევროს ხუთმაგი ოდენობითაა დაჯარიმებული.
ამასთანავე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფონდმა ბიძინა გიორგობიანის მიერ მის ანგარიშზე გადარიცხული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განმარტებით, საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგი“ მისი საჯაროდ გაცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, კოალიცია „ქართულ ოცნებასთანაა“ დაკავშირებული. ხოლო ფიზიკურმა პირმა ბიძინა გიორგობიანმა თანხის გადარიცხვით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესები დაარღვია.
