შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბი - MIA Force-ის მრბოლელი დათა ქაჯაია იაპონიის
მთავრობის მიერ საქართველოს შსს-სთვის ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების გადაცემის ფაქტს გამოეხმაურა.
ქაჯაიას განცხადებით, ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების საშუალებით დიდი ფინანსური რესურსების დაზოგვა მოხდება საწვავის ხარჯის შემცირებით.
„ჩვენ ვხედავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიურად დაიწყო რეფორმები. მინისტრის დაპირებები და გეგმები სრულდება. სახეზეა ეს ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დღესდღეობით მძიმე მდგომარეობაა ეკოლოგიის მხრივ ჩვენს დედაქალაქში და არა მარტო დედაქალაქში. სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ასეთ ეკომეგობრულ ავტომობილებზე გადასვლა, ეტაპობრივად, ვფიქრობ, დასახულ მიზანთან მიგვაახლოვებს და გავაუმჯობესებთ ჩვენს დედაქალაქში ეკოლოგიურ მდგომარეობას. ამასთანავე, ამ ავტომობილების მეშვეობით, რა თქმა უნდა, დიდი ფინანსური რესურსის დაზოგვა მოხდება საწვავის ხარჯის შემცირებით. ელექტრომობილები პირველი რამდენიმე მეტრის აჩქარებით სჯობს კიდეც შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს და ეს ავტომობილები სრულიად მოსახერხებელი და კომფორტული იქნება პატრულის თანამშრომლებისთვის“- განაცხადა ქაჯაიამ.
