თბილისის საქალაქო სასამართლომ სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ აქციების გასაყიდად ხვალისთვის დანიშნული აუქციონი დღეს 18:00
საათამდე უნდა შეაჩეროს. როგორც დღეს „ქართუ ჯგუფის“ უცხოელი აქციონერების ქართველმა ადვოკატმა პაატა კიკნაველიძემ განაცხადა, გასულ პარასკევს „ქართუ ჯგუფის“ ხუთმა აქციონერმა კომპანიამ სარჩელი შეიტანა, რომლებმაც მათი კუთვნილი აქციების ყადაღისგან გათავისუფლება და აუქციონის შეჩერება მოითხოვა.
მისი თქმით, დღეს დღის ბოლომდე სასამართლოში ანალოგიური შინაარსის სარჩელს „ქართუ ჯგუფის“ დანარჩენი 11 აქციონერი კომპანიაც წარადგენს.
„ქართუ ჯგუფის“ აქციების 100% 26 ივნისს დააყადაღეს და 10 ივლისს აქციების გასაყიდად აუქციონი დანიშნეს.
კიკნაველიძის განმარტებით, ხვალ 18:00 საათამდე აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები უნდა შევიდეს, თუ მსურველები არ გამოჩნდებიან, აუქციონი ჩაშლილად უნდა გამოცხადდეს.
ამასთან, კიკნაველიძემ განაცხადა, რომ აუქციონზე გატანამდე უნდა მომხდარიყო „ქართუ ჯგუფისა“ და „ქართუ ბანკის“ აუდიტი და აქციების ღირებულების შეფასება, რაც არ განხორციელებულა.
„ამ პროცესს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდებოდა და მისი რამდენიმე დღეში განხორციელება შეუძლებელია. ასეთი კვლევის გახორციელების შესახებ და აქციათა ღირებულების თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია აღმასრულებელს არ გამოუქვეყნებია“- განაცხადა კიკნაველიძემ.
„ქართუ ჯგუფს“ სულ 16 აქციონერი ჰყავს, რომლებიც უცხოური კომპანიები არიან.
აქციონერთა მიერ დაქირავებული უცხოელი და ქართველი ადვოკატების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არ არის „ქართუ ჯგუფისა“ და „ქართუ ბანკის“ ბენეფიციარი მესაკუთრე და აქციების აუქციონზე გაყიდვა ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმის დაფარვის საშუალება ვერ გახდება.
