ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია საქართველოსთვის იყო პროდუქტიული და შედეგიანი. მისი თქმით, იგეგმება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა ახალ კომისარ დუნია მიატოვიჩთან.
თამარ ჩუგოშვილმა ასამბლეის ზამთრის სესიის შეჯამებისას განაცხადა.
მისი ცნობით, სესიის განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დოკუმენტები იქნა მიღებული, სადაც გამოკვეთილია განხორციელებული პროგრესული ცვლილებები და მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
„კვირის განმავლობაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საკმაოდ მნიშვნელოვანი სესია გვქონდა. ავირჩიეთ ასამბლეის ახალი პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა ახალი კომისარი, ასევე, მნიშვნელოვანი დოკუმენტები იქნა მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით- პროგრესის ანგარიში, სადაც შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც საკმაოდ პოზიტიურია და გასული წლის განმავლობაში მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად ფასდება. ასევე, საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას და როგორც საკონსტიტუციო სფეროში, ასევე, მედიის თავისუფლების, საარჩევნო თემატიკის და სხვადასხვა სფეროებში, საკმაოდ მნიშვნელოვნად არის გამოკვეთილი ის პროგრესული ცვლილებები და უკვე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. არის საინტერესო რეკომენდაციები, რომლებიც, ვფიქრობ, წელს და მომავალი წლების განმავლობაში საქართველომ უნდა გაითვალისწინოს. ზამთრის სესიის ფარგლებში, ასამბლეის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოხსენება ადამიანის უფლებების თაობაზე საქართველოში. გარდა ამისა, დელეგაციის ორგანიზებით, ევროსაბჭოში გაიხსნა ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენა და გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციაც“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
